2019 წლის 29 მაისს მე-6 კლასში მათემატიკაში ჩატარებული სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია 2019 წლის 29 მაისს მე-6 კლასში ჩავატარე ისტთან ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა , რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებს მოეხდინათ ერთი საგნის თემის დაკავშირება მეორე საგანთან, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანა- ტრანსფერი. კერძოდ, ამოცანის ამოსახსნელად საჭირო წარმოდგენილი ან მოპოვებული მონაცემების მოწესრიგება და მისი წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით (წრიული და სვეტოვანი დიაგრამებით), კომპიუტერულ პროგრამა “PowerPoint“ -ის გამოყენებით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა, დიაგრამების აგება VI კლასის ( მათემატიკის და ისტის) საგნობრივ პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
გაკვეთილი ჩატარდა სტანდარტისა და საგნობრივი პროგრამის გათვალისწინებით შედგენილი კალენდარული გეგმის მიხედვით. გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად, რომლებიც გამომდინარეობდა საგაკვეთილო მიზნიდან. გაკვეთილის დასაწყისში, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მოვახდინეთ საშინაო დავალების ანალიზი.მათ დავალებული ჰქონდათ მონაცემების მოპოვება და სვეტოვანი დიაგრამის აგება თვალსაჩინოდ თაბახზე. ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი წარვადგინეთ კლასის წინაშე და გავაკარით დაფაზე. დავალების ანალიზის შემდეგ, მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები, შესაბამისი შეფასების რუბრიკების მითითებით (რომელიც თვალსაჩინოდ კედელზე მქონდა გაკრული), რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივირება. წინარე ცოდნის გააქტიურებით მოვახდინე მოსწავლეთა პროვოცირება, სააზროვნო უნარების გააქტიურება და არსებული ცოდნის გააქტიურება, რაც დაეხმარა მოსწავლეებს უფრო მობილიზებულნი და კონცენტრირებულნი ყოფილიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. ამისთვის გამოვიყენე კომპიუტერი და პროექტორი, მოსწავლეებს წინასწარ შექმნილი სლაიდებით ეკრანზე წარვუდგინე კითხვები, რათა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო ყევლასთვის. აქტივობაში ჩართული იყო მთელი კლასი, ხელის აწევით გამოთქვამდნენ სურვილს, რათა ეპასუხათ დასმულ შეკითხვებზე. ისეთი შეკითხვები მქონდა შერჩეული, რომლითაც უშუალოდ ახალი მასალისათვის საჭირო წინარე ცოდნა გააქტიურდებოდა. ახალი მასალის ახსნისას, მოსწავლეებს დავუსვი სიტუაციური ამოცანა, შესაბამისი თვალსაჩინოების წარდგენით. ისევ გამოვიყენე ტექნოლოგიები და სლაიდებით წარვადგინე ამოცანა. მოსწავლეებთან ერთობლივი განხილვით მოხდა ამოცანის გადაწყვეტა, რამაც მიგვიყვანა გაკვეთილის თემის - მონაცემთა ანალიზის ახალ ცნებებამდე, რაც მანამდე არ იცოდნენ მოსწავლეებმა ასე დეტალურად. მათ ამოცანის ანალიზის საფუძველზე, დაასკვნეს, თუ როგორ შეიძლება მონაცემთა დამუშავება, გაიგეს სიხშირეთა ცხრილის მნიშვნელობა და მისი დახმარებით მონაცემთა საშუალოს გამოთვლა. პროცესი იყო საკმაოდ ინტერაქტიული და ვფიქრობ, საკმაოდ სიღრმისეულად გაიგეს არსი. ვფიქრობ, მოსწავლეთა ჩართულობით ახალი მასალის ახსნა, მათ მატებთ კვლევის, ლოგიკური აზროვნების, დასკვნების გამოტანის უნარს და რაც მთავარია, ასეთი გაკვეთილის მსვლელობა მეტი ხალისით მიმდინარეობს. შემდეგი აქტივობა იყო ჯგუფური მუშაობა და მისი ანალიზი. მოსწავლეები წინასწარ განაწილებულნი იყვნენ ოთხ ჯგუფად. მათ დავურიგე ბარათები, სხვადასხვა ამოცანებით. მოსწავლეებს შევახსენე ჯგუფური მუშაობის წესები. მათ ამოხსნეს ამოცანები, უპასუხეს ყველა კითხვას და ააგეს სვეტოვანი და წრიული დიაგრამები კომპიუტერულ პროგრამა “PowerPoint”-ში.
მუშაობის პროცესში ვცდილობდი დავკვირვებოდი მოსწავლეებს და საჭიროების შემთხვევაში, ვაძლევდი რეკომენდაციებს. მუშაობის დასრულების შემდეგ, მოხდა ჯგუფური მუშაობის ანალიზი: მოვისმინეთ ოთხივე ჯგუფის პრეზენტაცია. ვცდილობდი ოპონირებას თითოეულ ჯგუფთან, მინდოდა ამ პროცესში სხვა ჯგუფებიც ჩამერთო,მაგრამ ნაკლებად გამოიჩინეს ინიციატივა. ერთ-ერთი ჯგუფის პრეზენტაციისას შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი და ვერ წარადგინეს კომპიუტერულ პროგრამაში აგებული დიაგრამები, თუმცა მათ ეს საკმაოდ მაღალი დონით ჰქონდათ შესრულებული. ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ როგორც კოგნიტური უნარები, ასევე ტექნოლოგიაზე მუშაონის უნარები, დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, თანამშრომლობითი უნარები, პრეზენტაციის უნარი, თავის წარმოჩინების უნარი. მოსწავლეები არიან უფრო მიზანმიმართულნი და აქტიურნი. ვცდილობდი, ყოველი აქტივობის დასრულებისას, მიმეწოდებინა უკუკავშირი, რეფლექსიის ფაზაზე, გამთლიანების მიზნით, შევაჯამეთ გაკვეთილის თემა, გავაკეთეთ გაკვეთილის რეზიუმე, შემდეგი აქტივობა იყო ტესტირება- მოსწავლეებს დავურიგე თვითშეფასების ტესტი, თვითშეფასების ფურცლებით. მათ ამით გაუძლიერდათ პასუხიმგებლობის გრძნობა, გააცნობიერეს, დღევანდლი გაკვეთილიდან რა გაიგეს, რა არა. გაკვეთილის ბოლოს, დავალების მითითების შემდეგ, გავაკეთე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. ვინაიდან გაკვეთილის დრო მაძლევდა ამის საშუალებას, შევძელით თვითშეფასების ტესტის ანალიზი.(პროექტორით ვაჩვენე ტესტი და ზეპირად ვიმსჯელეთ კლასის ჩართულობით.) რაც მე დამეხმარება მომდევნო გაკვეთილის დაგეგმაში და ამოცანების შერჩევაში. ვფიქრობ, გაკვეთილის მიზანს მივაღწევ, რადგან მოსწავლეებმა გაკვეთილზე მიწოდებული ინფორმაციის დახმარებით, კარგად გაართვეს თავი როგორც ჯგუფური მუშაობისას მიცემულ დავალებას, ასევე თვითშეფასების ტესტის შესრულებას: განსაკუთრებით კომპიუტერული უნარების განვითარება-გაწაფვას. ყოველივე ამით კი მიღწეული იქნა გაკვეილის ბოლოს მისაღწევი შედეგები.მათ ნამდვილად შეიძინეს შეძენილი ცოდნის ერთი საგნიდან მეორეში ტრანსფერის უნარი, რაც ნამდვილად მრავალფეროვანს და მდიდარს ხდის სასწავლო პროცესს. გაკვეთილზე გამოიკვეთა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები:
1) დადებითი მხარეები:
ა) გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით და მიღწეული იქნა დასახული მიზანი.
ბ) გაკვეთილზე ვსაუბრობდი გამართული, აკადემიური ტერმინებით, სათანადოდ ვაწვდიდი ახალ ცნებებს და მათ ფორმულირებას, გამოვიყენე თვალსაჩინოება სლაიდების დახმარებით, რამაც განაპირობა ახალი მასალის კარგად გაგება და გააზრება. გ) მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული აქტივობებში, გაკვეთილი იყო ინტერაქტიული. დ) გაკვეთილზე გამოვიყენე ისეთი რესურსები (კომპიუტერი, თვალსაჩინოება), მეთოდი და აქტივობები, რომლებიც ითვალისწინებდა მოსწავლეთა საჭიროებებს და მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილის მიზნის მიღწევისთვის. ე) ცალკეული აქტივობების ფარგლებში მოსწავლეთათვის მიწოდებული დროული უკუკავშირი განაპირობებდა მათ მოტივირებას და გააქტიურებას.
2) უარყოფითი მხარეები:
ა) კითხვებზე პასუხის გაცემისას, უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი მოსწავლე ჩამერთო, ვიდრე აქტიური მოსწავლეები.
ბ) შეიძლებოდა ამ ტექნიკური ხარვეზის თავიდან აცილება (გაკვეთილის წიმ კიდევ გადამოწმება და ზომების მიღება-სხვა მეხსიერების ბარათის მოძიება), რადგან ერთის მხრივ, ამ პროცესმა ცოტა დროც წაგვართვა და მეორეს მხრივ, ჯგუფმა სათანადოდ ვერ წარმოაჩინა თავი.შესაბამისად, პრეზენტაციისას ვერ მოხერხდა სხვა ჯგუფების მხრიდან ოპონირება.
გ) შეიძლებოდა უფრო ვრცლად გამეკეთებინა განმავითარებელი შეფასება შესაბამისი რუბრიკის მიხედვით. განმსაზღვრელი შეფასებასაც უფრო მეტი მოსწავლე იმსახურებდა. რა საჭიროებს შეცვლას: აღნიშნული გაკვეთილის გაანალიზების შედეგად ჩემ მიერ გამოვლენილი უარყოფითი მხარეების დაძლევის საშუალებად მიმაჩნია შემდეგი:
ა) შევეცადო გავიუმჯობესო პრაქტიკა მოსწავლეთა ეფექტურად შეფასების მიმართულებით, ამ მხრივ გავეცნობი სათანადო მეთოდურ ლიტერატურას, გავიზიარებ კოლეგების გამოცდილებას, რათა ჩემს მოსწავლეებს მივცე ისეთი სრულყოფილი შეფასება, რომელიც მათი სწავლის ხარისხს გააუმჯობესებს და მათი მიღწევის დონესაც დაადგენს
ბ) ინტერაქციური გამოკითხვის დროს, მეტი ყურადღებით მოვეკიდო შეკითხვების გადანაწილებას მოსწავლეებზე და არ მივმართო მხოლოდ რამდენიმე აქტიურ მოსწავლეს. ვეცადო , მთელი კლასი ჩავრთო გამოკითხვის დროს.
გ) საგაკვეთილო პროცესის წინ უფრო ყურადღებით გადავამოწმო ტექნიკურად რამდენად გამართულია ყველა რესურსი და ამის გამო არ დავაზარალო მოსწავლეები. ხელმოწერა:
მარეხი ლეკიშვილი თარიღი: 0531.2019 წელი
No comments:
Post a Comment